„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში წინასწარი შედეგებით ნიკა მელიამ გაიმარჯვა. - აღნიშნაულთან დაკავშირებით ინფორმაცია პარტიამ საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობამ 20 779 შეადგინა.
ნიკა მელიამ ხმების 64.9 პროცენტი (13491 ხმა) მიიღო, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 35.1 პროცენტი (7288 ხმა).
ამასთან, განცხადება გაავრცელა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელშიც ნათქვამია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში, 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, რაც არის უპრეცედენტო პრაქტიკა, როდესაც ორ ათეულ ათასზე მეტი ადამიანი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელს ირჩევს.
"ასეთი მაღალი აქტივობა ამ პროცესისა და ზოგადად, მონაწილეობითი, გამჭვირვალე და ფართო ჩართულობით მმართველობისადმი ნდობასა და მხარდაჭერას ადასტურებს. სასიხარულოა, რომ ორივე კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში, ანალოგიური დემოკრატიული მექანიზმების განვითარებასა და გაძლიერებას აპირებს.
ამავე დროს, სპეციალური ჯგუფი (რომელშიც შედიან ორივე კანდიდატის თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლები და გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით) უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს კენჭისყრაში მონაწილე ფეისბუკ პროფილების (გვერდების) მონიტორინგს, რათა ყალბი გვერდებისა და ე.წ. „ბოტების“ მონაწილეობა გამოირიცხოს. ამავე დროს, დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, მოგვაწოდოს ინფორმაცია სავარაუდო ყალბ პროფილებთან/გვერდებთან დაკავშირებით ან 26 დეკემბერს, 12 სთ-დან, მობრძანდეთ ენმ-ის ცენტრალურ ოფისში (მის. კახეთის გზატკეცილი 45ა) და ჩაერთოთ ხმის მიმცემთა სიის გადამოწმების ღია პროცესში", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა " ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კენჭისყრა 21 დეკემბერს დაიწყო და 25 დეკემბერს, 21:00 საათამდე გაგრძელდა. პარტიის თავმჯდომარედ წარდგენილი იყო ორი კანდიდატი - ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან გრიგოლ ვაშაძე იკავებდა, თუმცა მან 15 დეკემბერს პარტია დატოვა. როგორც მან "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას.