უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას საქართველოს მეტი მოქალაქე უჭერს მხარს - NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები ფიქრობენ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უფრო უნდა შეზღუდოს. ამ პოზიციას გამოკითხულთა 39% ემხრობა. ომის დაწყებამდე ეს მაჩვენებელი 23% იყო.

უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას გამოკითხულთა 53% უჭერდა მხარს, წინააღმდეგი იყო 25%. გამოკითხულთა 27%  ომის დაწყების შემდეგ ფიქრობს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები არ უნდა შეცვალოს. ომამდე ამ პოზიციას გამოკითხულთა 16% ემხრობოდა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევა დღეს გამოქვეყნდა. აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.