დღეს ჩვენი ერთად დგომა კიდევ ერთი გზავნილია, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს. ამ მძიმე კონტექსტში თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, ეს ვიზიტი ნიშნავს, რომ საქართველოს არ ივიწყებთ და თქვენი ყურადღება საქართველოს მიმართ არ ნელდება, არც მიმდინარე ომის ფონზე, არც სხვა გამოწვევებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დღეს, ამერიკელი სენატორების დელეგაციის ვიზიტისას განაცხადა.
„ამ 30 წლის მანძილზე ჩვენ ვიგრძენით თქვენი ურყევი მხარდაჭერა, თქვენი აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა. საქართველო რჩება თქვენთვის და თქვენი ყურადღების ქვეშ, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.
თუმცა, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი აქ ჩამოსვლა დღეს მხოლოდ ამ 30 წლის თარიღს არ უკავშირდება.დღეს მსოფლიო უსაფრთხოება და მშვიდობა უპრეცედენტო გამოწვევების წინაშეა. დღეს უკრაინა, არამხოლოდ საკუთარი თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის იბრძვის რუსეთის ტოტალურ აგრესიის წინააღმდეგ, არამედ ის, ჩვენი და მთელ ევროპის თავისუფლებისა და მშვიდობისთვის იბრძვის. და ყველა ვხედავთ, რაოდენ შემართებით უმკლავდება იგი აგრესიას და აგრესორს. უკრაინა ამ ბრძოლაში მარტო არაა. ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამერიკის მიერ პირველივე დღიდან გამოცხადებული სოლიდარობა და უპრეცედენტო ერთიანობა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს შორის უკრაინისა და უკრაინელების მხარდასაჭერად. საქართველოს კარგად ესმის, თუ რას ნიშნავს ომი, ოკუპაცია და თავისუფლებისთვის ბრძოლა, ესმის სოლიდარობის ფასი, ამიტომ, დღეს ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს, როცა მარიუპოლი ალყაშია მოქცეული, უნდათ, ახალ სტალინგრადად აქციონ და აწამონ, მსურს, აქ და თქვენი თანდასწრებით გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს, კიდევ ერთხელ საქართველოს სრული თანადგომა“, - განაცახდა სალომე ზურაბიშვილმა.
აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. პრეზიდენტთან გამგზავრებამდე დელეგაციის წევრებმა ვიზიტთან დაკავშირებით „თბილისი მარიოტში“ პრესკონფერენცია გამართეს. ხვალ დილით, ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამავე დღეს, დელეგაციის წევრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავენ შეხვედრას.
ასევე წაიკითხეთ