აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სენატორმა კრის კუნსმა ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველომ რეგიონსა და მსოფლიო არენაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
„უკვე 30 წელია, ჩვენ ვართ პარტნიორები, ერთად ვმუშაობთ აქ, თქვენს სასახლეში, ამ შენობაში, რომელიც ადრე შეერთებული შტატების შენობა იყო. 30 წელია, რაც ერთმანეთთან ასე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, რათა უზრუნველვყოთ ინსტიტუციების მშენებლობა, ასევე პარტნიორების შესაძლებლობების ამაღლება და დემოკრატიის განმტკიცება.
ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ საშინელ დროს, თუ რა ძალადობა და აგრესია ხდება უკრაინაში. ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენ ასეთ მკაფიო განცხადებას აკეთებთ. დიდი მადლობა, რომ საქართველომ გაეროში კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა და ხმა მისცა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთი საქმე ვაკეთოთ. ახლახან ვესტუმრეთ ჩვენს საერთო მეგობარს, რომელიც გაიზარდა იმ გარემოში, იცის, თუ როგორია აგრესია. ეს იყო ჩვენი სახელმწიფო მდივანი, რომელმაც იცის, თუ რა იყო ომი და ჩვენც, დელეგაციის მასშტაბით ნამდვილად მხარს გიჭერთ, მხარს ვუჭერთ თქვენს ლიდერობას. დიდი მადლობა თქვენ შესანიშნავი პროგრესისთვის, რაც მიღწეულია საქართველოში ხალხის მიერ 1992 წლიდან მოყოლებული კონფლიქტის, დაყოფისა და გარე საფრთხეების მიუხედავად“, – განაცხადა კრის კუნსმა.
ამერიკელმა სენატორმა საქართველოს ევროკავშირში მალე გაწევრიანების იმედი გამოთქვა.
„იმედი გვაქვს, ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩავდოთ ინვესტიცია, ერთად განვვითარდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, თითოეულმა ჩვენს ქვეყნებში უზრუნველვყოთ, რომ გავერთიანდეთ, არ მოხდეს პოლარიზება და გაყოფა არც შიგნით და არც გარეთ. ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ მოგვეცით შესაძლებლობა, დღეს ერთად ვყოფილიყავით და აღგვენიშნა ეს საღამო. ჩემთან ერთად არის დელეგაცია, მიზნობრივად ვართ აქ, ჩამოვედით, რადგან საქართველო არის მნიშვნელოვანი. ჩამოვედით, რადგან ვხედავთ, თუ რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო ამ რეგიონში და მსოფლიო არენაზე. დიდი მადლობა თქვენი ლიდერობისთვის, თქვენი მეგობრობისთვის, თქვენი პარტნიორობისთვის“, – აღნიშნა სენატორმა კრის კუნსმა.
აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. პრეზიდენტთან გამგზავრებამდე დელეგაციის წევრებმა ვიზიტთან დაკავშირებით „თბილისი მარიოტში“ პრესკონფერენცია გამართეს. ხვალ დილით, ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამავე დღეს, დელეგაციის წევრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავენ შეხვედრას.
ასევე წაიკითხეთ
- სენატორი კრის კუნსი: ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ
- სენატორი ბობ კეისი: ქართველები იღებენ უკრაინელებს საქართველოში, უწევენ ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობაა მთელი ევროპის მასშტაბით
- პრეზიდენტი ამერიკელი სენატორების ვიზიტზე: ამ 30 წლის მანძილზე ჩვენ ვიგრძენით თქვენი ურყევი მხარდაჭერა, აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა