როცა ალყაში მოქცეული მარიუპოლი უნდათ, რომ აწამონ და ახალ სტალინგრადად აქციონ, მინდა აქ და თქვენი თანდასწრებით გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს საქართველოს სრული თანადგომა. დღეს აქ ჩვენი ერთად დგომა კიდევ ერთი ძლიერი გზავნილია, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დღეს ამერიკელი სენატორების დელეგაციის ვიზიტისას განაცხადა.
„ამ მძიმე კონტექსტში თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ეს ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, რომს საქართველოს არ ივიწყებთ და თქვენი ყურადღება საქართველოს მიმართ არ ნელდება, არც მიმდინარე ომის ფონზე, არც სხვა გამოწვევებიდან გამომდინარე. ამერიკის როლი დიდია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებისათვის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიზრუნოთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და კავკასიის რეგიონის სტაბილურობაზე. თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როცა საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ემზადება ევროპული ინტეგრაციის ახალი, გადამწყვეტი ეტაპისთვის. თქვენი მხარდაჭერა საკვანძო იქნება მადრიდის NATO-ს სამიტზე, რათა ღია კარის პოლიტიკას მიეცეს ახლი ბიძგი და ახალი პერსპექტივა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. პრეზიდენტთან გამგზავრებამდე დელეგაციის წევრებმა ვიზიტთან დაკავშირებით „თბილისი მარიოტში“ პრესკონფერენცია გამართეს. ხვალ დილით, ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამავე დღეს, დელეგაციის წევრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავენ შეხვედრას.
ასევე წაიკითხეთ
- სენატორი კრის კუნსი: ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ
- სენატორი ბობ კეისი: ქართველები იღებენ უკრაინელებს საქართველოში, უწევენ ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობაა მთელი ევროპის მასშტაბით
- პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებს: ამ 30 წლის მანძილზე ჩვენ ვიგრძენით ურყევი მხარდაჭერა, აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა