სენატორების და კონგრესმენების ვიზიტი: იმედი გვაქვს, ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნსი ხელმძღვანელობს კონგრესის დელეგაციის ვიზიტს საფრანგეთში, საქართველოსა და იტალიაში. დელეგაციის წევრებმა თბილისში პრესკონფერენცია გამართეს. დელეგაციის ხელმღვანელმა, სენატორმა კრის კუნსმა საქართველოს ევროკავშირში მალე გაწევრიანების იმედი გამოთქვა. ​

„იმედი გვაქვს, ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩავდოთ ინვესტიცია, ერთად განვვითარდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, თითოეულმა ჩვენს ქვეყნებში უზრუნველვყოთ, რომ გავერთიანდეთ, არ მოხდეს პოლარიზება და გაყოფა არც შიგნით და არც გარეთ. ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ მოგვეცით შესაძლებლობა, დღეს ერთად ვყოფილიყავით და აღგვენიშნა ეს საღამო.

ჩემთან ერთად არის დელეგაცია, მიზნობრივად ვართ აქ, ჩამოვედით, რადგან საქართველო არის მნიშვნელოვანი. ჩამოვედით, რადგან ვხედავთ, თუ რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო ამ რეგიონში და მსოფლიო არენაზე. დიდი მადლობა თქვენი ლიდერობისთვის, თქვენი მეგობრობისთვის, თქვენი პარტნიორობისთვის“, – აღნიშნა სენატორმა კრის კუნსმა.

მისი თქმით, აშშ-მ წარსულის გაკვეთილებიდან ისწავლა ის, რომ რუსეთის აგრესიის მადა არასოდეს კმაყოფილდება. 

ცნობისთვის, სენატორები და კონგრესმენები საქართველოში ვიზიტისას ხვდებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, ოპოზიის წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრებმა პრესკონფერენცია 21 აპრილს, „თბილისი მარიოტში“ გამართეს.


ასევე წაიკითხეთ