დღეიდან ოფიციალურად - რუსეთის საელჩო და საკონსულო პრაღაში, უკრაინის გმირების ქუჩაზე, ვიტალი სკაკუნის ხიდთან მდებარეობს. ამის შესახებ ჩეხეთში უკრაინის საელჩო იტყობინება.
გადაწყვეტილება პრაღის მერიამ დაამტკიცა. სახელის გადარქმევა ქალაქის მცხოვრებლებს პრობლემას არ შეუქმნის, რადგან ქუჩის ახალი სახელწოდების მონაკვეთზე საცხოვრებელი კორპუსები არ მდებარეობს. უკრაინელი გმირების ქუჩა ბორის ნემცოვის მოედანს ესაზღვრება.
ამასთან, უკრაინელი გმირების ქუჩასთან მდებარე ხიდს უკრაინელი ჯარისკაცის, ვიტალი სკაკუნის სახელი ეწოდა, რომელიც 24 თებერვალს, ხერსონზე რუსეთის არმიის იერიშის დროს დაიღუპა. მან რუსული ტანკების შესაჩერებლად ხიდი ააფეთქა. სკაკუნის უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს.
ასევე წაიკითხეთ