რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვირას სააღდგომო წირვას დაესწრო. Reuters-ის ცნობით, შაბათს, წირვის დროს, რუსეთის ლიდერმა რამდენჯერმე გადაიწერა პირჯვარი და როდესაც პატრიარქმა კირილმა გამოაცხადა - „ქრისტე აღსდგა“, პუტინი შეუერთდა სხვების პასუხს - „ჭეშმარიტად აღდგა“.

„პატრიარქმა კირილმა თქვა, რომ იმედოვნებს, უკრაინაში კონფლიქტი სწრაფად დასრულდება, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები არ დაგმო“, - წერს Reuters-ი.


შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წამოიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში და დაიწყო ომი. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.