აშშ-ში რუსეთის ელჩის თქმით, ვაშინგტონში საელჩოს მუშაობა დაბლოკილია

რუსეთის საელჩოს მუშაობა ვაშინგტონში „დაბლოკილია“, მისი საბანკო ანგარიშები დახურულია და თანამშრომლებს ემუქრებიან, აცხადებს ელჩი ანატოლი ანტონოვი. მის ციტატას Reuters-ი რუსულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

საელჩო არსებითად ბლოკირებულია აშშ-ს სამთავრობო უწყებების მიერ. ჩვენი ორი საკონსულოს ანგარიშები ჰიუსტონსა და ნიუ-იორკში „Bank of America-მ დახურა“, - განაცხადა ანტონოვმა.


ვიდრე პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ ომს დაიწყებდა, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სადავო იყო მათი შესაბამისი დიპლომატიური მისიების მოცულობს  და ფუნქციონირების საკითხი. ამის შემდეგ ევროპაში რუსეთის საელჩოებზეც ზეწოლა განხორციელდა და 300-ზე მეტი რუსი თანამშრომელი გააძევეს ევროპის დედაქალაქებიდან, რის გამოც მოსკოვმა საპასუხოდ გაიყვანა უცხოელი დიპლომატები. რუსეთის ელჩმა პოლონეთში გასულ კვირას განუცხადა Reuters-ს, რომ მისი საელჩოს საბანკო ანგარიშების დაბლოკვამ შეიძლება საბოლოოდ შეაფერხოს მისიის ფუნქციონირება, ამ შემთხვევაში კი, რუსეთი შეაჩერებს პოლონეთის საელჩოს მუშაობას მოსკოვში.


2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.