„შეაჩერეთ თავდასხმები ადამიანების ტანჯვის შესამსუბუქებლად“, - რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში ომის დასასრულებლად ზავის შესახებ მოწოდება კვირას კვლავ გაიმეორა.
„სამწუხაროა, რომ ქრისტიანებისთვის ამ უწმინდეს და საზეიმო დღეებში ჩვენ იარაღის მკვლელი ხმაური უფრო მეტად გვესმის, ვიდრე ზარების ხმა, რომლებიც ქრისტეს აღდგომას გვაუწყებენ“, - განაცხადა პონტიფიკოსმა.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.