უკრაინის თავდაცვა: რუსეთს შავ ზღვაში 58 ფრთოსანი რაკეტა აქვს კონცენტრირებული

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ალექსანდრ მოტუზიანიკმა დაზვერვის მონაცემზე დაყრდნობით განაცხადა, რომ შავ ზღვაში 8 სარაკეტო ხომალდი იმყოფება.

მისი თქმით, მტრის ხომალდები შავი და აზოვის ზღვების წყლებში განაგრძობენ საბრძოლო ტერიტორიის იზოლირებას, დაზვერვის განხორციელებასა და თავისი ჯარებისთვის საცეცხლე მხარდაჭერის აღმოჩენას.

„ჩვენი დაზვერვის მიხედვით, შავ ზღვაში არის „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების 8 გადამზიდი, საერთო ჯამში 58 ფრთოსანი რაკეტა“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა.


2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.


ასევე წაიკითხეთ