ჯეიმს აპატურაის ვიზიტი მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო იმის დასადასტურებლად, რომ NATO-საქართველოს პარტნიორობა ურყევია - NATO

NATO უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის ჯეიმს აპატურაის საქართველოში ვიზიტს Europetime-თან აჯამებს. NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა, რომ აპატურაის ბოლო ვიზიტი საქართველოში, NATO-ს ოფიციალური პირების მხრიდან მათ ქართველ კოლეგებთან რეგულარული კონსულტაციების ნაწილია და რომ NATO-საქართველოს პარტნიორობა მტკიცეა და ურყევია.

„ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი პლატფორმა იმის დასადასტურებლად, რომ NATO-საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული პარტნიორობა ეფუძნება ძალიან მყარ გზას და NATO დიდად აფასებს საქართველოს მრავალწლიან წვლილს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და უკანონო შეჭრის ფონზე, NATO-ს მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, დაეხმარონ იმ პარტნიორების მდგრადობის გაძლიერებას, რომლებიც რუსეთის ჩარევის რისკის ქვეშ და მისგან მომდინარე საფრთხეების წინაშე არიან, მათ შორის არის საქართველო, ასევე, ბოსნია და ჰერცოგოვინა. საქართველოსთვის მხარდაჭერის გაზრდა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საფუძველზე შეგვიძლია, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა, სიტუაციური ცნობიერება, უსაფრთხო კომუნიკაციები და კიბერუსაფრთხოება“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა.


შეგახსენებთ, უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი საქართველოში გასულ კვირას იმყოფებოდა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს აპატურაიმ შეხვედრები გამართა პარლამენტში, იუსტიციის სამინისტროში, საგარეო საქმეთა და თავდაცვის უწყებებეში, ასევე - უშიშროების საბჭოში. ამასთან, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე შეხვდა ელჩებსაც. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ჯეიმს აპატურაის დახურულ ფორმატში მოუსმინეს.

ცნობისთვის, 2010-2019 წლებში, ჯეიმს აპატურაი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს​ გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს იკავებდა.