ხავიერ კოლომინას თქმით, NATO გააგრძელებს საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობასა და დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და NATO-ს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს.

მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა NATO-ს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში და ქვეყნის პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

„მხარეებმა, აგრეთვე მიმოიხილეს რუსეთის აგრესია უკრაინაში და მისი მძიმე შედეგები რეგიონისთვის. ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ NATO-ს მადრიდის სამიტზე აღიარებული იქნება საქართველოს პროგრესი. ალიანსის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია. მისი თქმით, NATO გააგრძელებს საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობასა და დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.


ასევე წაიკითხეთ:

NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე შალვა პაპუაშვილს ხვდება