საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების ექსპერტთა ორმხრივი შერეული კომისიის სხდომა გაიმართა. ღონისძიება გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან გამყრელიძემ.
სხდომაზე განიხილეს საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის სფეროში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მხარეთა მიერ საავტომობილო მიმოსვლის სფეროში მოქმედი მთავრობათაშორისი შეთანხმების მოთხოვნათა დაცვა და ორმხრივი საავტომობილო მიმოსვლის კვოტირებული ნებართვების დადგენა/გაცვლის, ასევე რეგულარული სამგზავრო მიმოსვლის საკითხი და სხვ.
ორდღიანი სხდომის ფარგლებში, რომელიც თბილისის სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“ - ში ჩატარდა, განიხილეს საავტომობილო მიმოსვლის სფეროში არსებული ბოლოდროინდელი შემაფერხებელი გარემოებები და დაისახა მათი გადაჭრის კონკრეტული გზები, აგრეთვე ყურადღება გამახვილდა საავტომობილო გადაზიდვების კვოტების ოპტიმიზაციასა და საქართველოსთვის სატვირთო გადაზიდვების თურქული ნებართვების დამატებით გამოყოფის საკითხზე და შედგა შეთანხმება.
„ძალიან წარმატებით ჩატარდა ქართულ - თურქული შერეული კომისიის სხდომა. აღსანიშნავია, რომ ეს სხდომა გაიმართა 2021 წლის სექტემბრის შეხვედრის შემდეგ, პრაქტიკულად, 6 თვეში შევძელით და კოლეგებთან ერთად შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გვემსჯელა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, ასევე შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი გადამზიდველებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი საავტომობილო გადაზიდვების კვოტების ოპტიმიზაციის შესახებ და მიღწეულ იქნა შეთანხმება უახლოესი პერიოდისთვის ქართველი გადამზიდველებისთვის საჭირო სატვირთო გადაზიდვების თურქული ნებართვების დამატებით გამოყოფის თაობაზე“ - განაცხადა ლევან გამყრელიძემ
სხდომა ოქმის ხელმოწერით დასრულდა, რომელშიც განისაზღვრა საავტომობილო მიმოსვლის სფეროს ყველა აქტუალური მიმართულება.