საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს, რომ მოქალაქეებს აწუხებთ ეკონომიკური პრობლემები, პოლიტიკური პოლარიზაცია და ამავდროულად, რუსეთისგან მომავალი გაზრდილი საფრთხეები.
კითხვაზე, თუ როგორ შეიცვალა ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გამოკითხულთა 76% ამბობს, რომ მდგომარეობა მნიშვნელოვნად ან მეტ-ნაკლებად გაუარესდა. რესპოდენტთა მხოლოდ 6% თვლის, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა.
- საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეკონომიკური მდგომარეობა კვლავაც რჩება ყველაზე მთავარ გამოწვევად. კვლევა აჩვენებს, რომ უმუშევრობისა და გაძვირებული ცხოვრების შედეგად გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, - განაცხადა სტივენ ნიქსმა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა.
ქვეყანაში გამძაფრებულია პოლიტიკური პოლარიზაციის შეგრძნება. კითხვაზე, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა საზოგადოების დაყოფისკენ არის მიმართული თუ გაერთიანებისკენ, გამოკითხულთა 71% ამბობს, რომ საქართველო სულ უფრო მეტად პოლარიზებულია. მზარდი პოლარიზაციის ფონზე, საქართველოს მოქალაქეების 60%-ს სურს რომ მომავალ არჩევნებზე ახალი პოლიტიკური პარტიები იხილოს.
- მონაცემები ცხადყოფს, რომ მოქალქეები კვლავ გრძნობენ მზარდ პოლარიზაციას ქვეყანაში, მაშინ როცა მათი მოთხოვნა პოლიტიკური შეთანხმება, კონსენსუსისკენ სვლა არის. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას არჩევნებზე ახალი პარტიების ხილვა სურს, - განაცხადა სტივენ ნიქსმა.
კვლევა ასევე აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსეთს კვლავაც მთავარ საფრთხედ აღიქვამენ. გამოკითხულთა 90% რუსეთს ძირითად პოლიტიკურ საფრთხედ თვლის, ხოლო 83% - რუსეთს სერიოზულ ეკონომიკურ საფრთხედ მიიჩნევს.
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით