ოლექსი არესტოვიჩი: რუსული ჯარები ზაპოროჟიისკენ წინსვლას საგრძნობლად ანელებენ

რუსეთის ჯარებმა ქალაქ ზაპოროჟიისკენ წინსვლა მნიშვნელოვნად შეანელეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა ბრიფინგზე გააკეთა, იუწყება უკრაინული მედია. მისი თქმით, მტერი მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხანაში წარმატებას ვერ აღწევს.

„ბოლო დღის განმავლობაში უკრაინის ირგვლივ სამხედრო და პოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. უკრაინული ძალები სტრატეგიულ თავდაცვით ოპერაციას ატარებენ. რუსული ჯარები ძირითადად ყურადღებას ამახვილებენ JFO-ის ზონაზე სლოვიანსკის, კრამატორსკის და მარიუპოლის მიმართულებით“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინელი დიპლომატები, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი იერმაკი მუშაობენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან, რათა აიძულონ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, გაათავისუფლოს უკრაინელი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ალყაში არიან მოქცეულნი.

ამავე წყაროს ცნობით,  აზოვსტალის ქარხანაში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 500-მდე დაჭრილია დარჩენილი. უკრაინული მხარე რუსეთისგან ჰუმანიტარული დერეფნის სასწრაფოდ უზრუნველყოფას ითხოვს.


2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს.