ბულგარეთისა და პოლონეთის მთავრობები „გაზპრომის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავისთვის ემზადებიან

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდას თქმით, „გაზპრომის“ წინააღმდეგ შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება. ის დარწმუნებულია, რომ პოლონური გაზის კომპანიები კომპენსაციას მიიღებენ რუსული მხარისგან გაზის მიწოდების შეწყვეტისა და ხელშეკრულების დარღვევისთვის.

„პოლონური კომპანიები, რომლებსაც ჰქონდათ კონტრაქტები რუსული გაზის მიწოდებაზე, შეწყვეტილი ხელშეკრულების წინააღმდეგ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამენ. მე მტკიცედ მჯერა, რომ ისინი აიღებენ კომპენსაციას შეთანხმების დებულებების დარღვევისთვის. ეჭვი არ მეპარება, რომ შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება“, - თქვა დუდამ ჩეხეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ნიკოლოვმა CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ ბულგარეთის მთავრობა მოსკოვის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის წარმოებისთვის მზადაა მას შემდეგ, რაც რუსულმა ენერგოგიგანტმა, „გაზპრომმა“ ქვეყანას გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

„ბულგარგაზმა ტრანზაქცია შეასრულა, რის შემდეგაც თანხა „გაზპრომიდან“ უკან დაბრუნდა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ კონტრაქტის დარღვევაზე, მაშინ სამართლებრივი პერსპექტივიდან აბსოლუტურად ნათელია, ვინ დაარღვია კონტრაქტი". - თქვა ნიკოლოვმა.

ბულგარეთის გაზის მარაგების 90% რუსეთიდანაა იმპორტირებული. ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ბულგარეთი იმპორტის სხვადასხვა მიმწოდებელზე გადანაწილების გეგმას განიხილავს და სხვა რეგიონებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას ცდილობს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის თქმით, ქვეყანაში Świnoujście-ის ტერმინალი ექვსი მილიარდი კუბური მეტრიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოებას რვა მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. ასევე, ნორვეგიაში ახალი ბალტიის გაზსადენის მშენებლობა 3 თვეში დასრულდება, რომელიც პოლონეთს 10 მილიარდ კუბურ მეტრ LNG-ს მიაწვდის. გარდა ამისა, პოლონეთს ხუთ მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი LNG სლოვაკეთთან მშენებარე ახალი ტრანსსასაზღვრო მილსადენიდანაც მიეწოდება.


27 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლეიენმა პოლონეთისა და ბულგარეთისთვის „გაზპრომის“ მიერ გაზის შეწყვეტის  გადაწყვეტილებას "კრემლის კიდევ ერთი პროვოკაცია" უწოდა და მოსკოვი ბუნებრივი აირის გამოყენებით ევროკავშირის შანტაჟში დაადანაშაულა.

„გაზპრომმა“ პოლონეთსა და ბულგარეთს 27 აპრილიდან გაზის მიწოდების შეწყვიტის შესახებ აცნობა.


1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“. 

ასევე წაიკითხეთ: