თბილისში, საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული გ.დ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აპრილს თბილისში, საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოთხივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მიღებული დაზიანებების შედეგად, ერთ-ერთი დაჭრილი – 1979 წელს დაბადებული გ.ს. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.