გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ, რუსეთის წევრობის შეჩერებას მხარი დაუჭირა

უკრაინაში შეჭრის გამო გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ (UNWTO) მხარი დაუჭირა რუსეთის წევრობის შეჩერებას. ამ გადაწყვეტილებას ორგანიზაციის 160-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი ტურისტული სააგენტოს საგანგებო გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც 27 აპრილს გაიმართა, განაცხადა მადრიდში დაფუძნებული ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

გადაწყვეტილების მისაღებად ხმების ორი მესამედის უმრავლესობა იყო საჭირო. ორგანიზაციის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, ზუსტად რამდენმა წევრმა დაუჭირა მხარი წინადადებას. რუსეთი ელოდა თავისი წევრობის შეჩერებას და შეკრების დასაწყისშივე გამოაცხადა, რომ ის გადიოდა ორგანიზაციიდან.

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა, რომ სააგენტოს წესდება ნათელია: "ტურიზმის ხელშეწყობა მშვიდობისთვის და ადამიანის უფლებების საყოველთაო პატივისცემა. მხოლოდ ის წევრები შეიძლება იყვნენ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ნაწილი, რომლებიც ამ წესდებას იცავენ".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს იყო "პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება", რომელსაც ის არაკანონიერად მიიჩნევს. ის ასევე ამტკიცებს, რომ კენჭისყრას ხელი შეუწყო "ანტირუსულმა პროპაგანდამ" და "შანტაჟმა".

კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება ტურიზმის ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ არ იმოქმედებს ტურიზმზე რუსეთში. შეგახსენებთ, რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა 7 აპრილს შეუჩერეს.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


ამავე თემაზე