გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსეთმა საერთაშორისო სააგენტოს დატოვება სწორედ მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ქვეყნები რუსეთის წევრობის შეჩერების მიზნით კენჭისყრას აპირებდნენ.
UNWTO-ს სპიკერის თქმით, რუსეთის გასვლის მიუხედავად, ასამბლეა რუსეთს სტატუსს მაინც შეუჩერებს, ხოლო გასვლის პროცესს ერთი წელი დასჭირდება.
UNWTO-ს გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი იმედოვნებს, რომ ქვეყნები რუსეთს წევრობას შეუჩერებენ, რაც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მაგალითს მისცემს.
შეგახსენებთ, რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა 7 აპრილს შეუჩერეს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.