"რუსი სამხედროების ძალისხმევა მიმართულია ქალაქ ხარკოვთან პოზიციების შენარჩუნებისკენ", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
"რუსი სამხედროები კვლავაც უხსნიან ცეცხლს უკრაინელების პოზიციებს სხვადასხვა მიმართულებიდან. მათივე ცნობით, იზიუმის მიმართულებით რუს სამხედროებს აქტიური შეტევა არ განუხორციელებიათ და ფოკუსირებულები იყვნენ დაზვერვაზე. დონეცკის მიმართულებით რუსეთის არმია ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ ისროდა სხვადასხვა შეიარაღებიდან, რათა არ დაეშვა უკრაინელი ჯარისკაცების გადაჯგუფება.
რუსი ოკუპანტები აგრძელებებ ქალაქ მარიუპოლში, კერძოდ „აზოვსტალის“ ქარხანაში გამაგრებული უკრაინელი მებრძოლების ბლოკირებას. დროებით დაკავებულ ტერიტორიაზე რუსი სამხედროები უზღუდავენ მოქალაქეებს გადაადგილების უფლებას. დაფიქსირდა მოქალაქეთა დაკავების შემთხვევებიც", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს.
ასევე წაიკითხეთ:
კიევის ცენტრში, რამდენიმე მძლავრი აფეთქება მოხდა