IDS ბორჯომი სანქციების გამო, წარმოებას დროებით აჩერებს

Europetime-ს IDS ბორჯომში დაუდასტურეს, რომ მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანია წარმოებას დროებით აჩერებს. 

ამასთან დაკავშირებით, კომპანია განცხადებას ავრცელებს. 

„გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა.

კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ მოხერხდა. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება და მოგვეცემა ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა“, - ნათქვამია IDS ბორჯომის განცხადებაში.


2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია. IDS Borjomi International, ბორჯომის გარდა, აწარმოებს ჩამოსხმულ წყალს ბრენდების Holy Spring და Edelweiss.

უკრაინაში ომისა და მას შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, 750-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა რუსულ ბაზარზე.