ირაკლი ღარიბაშვილი: ელექტრომობილების ქარხნის პროექტთან დაკავშირებით იყო ხარვეზები, გვაქვს მცდელობა განვაახლოთ პროექტი

გვაქვს მცდელობა, რომ განვაახლოთ ჩინურ კომპანიებთან განვაახლოთ ელექტრომობილების ქარხნის პროექტი და მიდის მუშაობა აქტიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტთან დაკავშირებით იყო ხარვეზები, ამას დაემატა პანდემია და ამ პერსპექტივამ გადაიწია.

„რაც შეეხება ელექტრომობილების ქარხანას - ეს პროექტი ჩემამდე იყო დაანონსებული. გარკვეული ხარვეზებიც იყო ამ პროექტთან დაკავშირებით. როგორც ვიცი, ვერ შეიკრა ეს პაკეტი, როგორც უნდა გამოსულიყო. ამას დაემატა პანდემია, გადაწია ეს პერსპექტივა. ახლა ჩვენ გვაქვს მცდელობა, რომ ჩინურ კომპანიებთან განვაახლოთ ეს პროექტი და მიდის მუშაობა აქტიურად“, - განაცხადა პრემიერმა.


2019 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ელექტრომობილების ქარხნის პროექტი, რომელიც ქუთაისში უნდა განხორციელებულიყო, ამ დრომდე არ დაწყებულა. ელექტრომობილების ქარხნის ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5 000 ელექტრომობილის გამოშვება იგეგმებოდა, ხოლო საწარმოს სრულად დატვირთვის შემდეგ 40 000 ელექტრომობილის, საიდანაც ნახევარი საექსპორტოდ, მეორე ნახევარი კი ადგილობრივი ბაზრისთვის იქნებოდა განკუთვნილი. ბრენდირებული ელექტრომობილები წარწერით Made in Georgia კი ევროპისა და აზიის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი უნდა გამხდარიყო.