მედია: თურქეთი საბერძნეთში დაგეგმილ NATO-ს წვრთნებში მონაწილეობას არ მიიღებს

საბერძნეთი და თურქეთი საჰაერო სივრცის არაერთხელ დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. თურქეთმა განაცხადა, რომ NATO-ს წევრი საბერძნეთი თურქეთის საჰაერო სივრცეში „სამ დღეში ოცდაათჯერ“ შევიდა.

მანამდე, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი მსგავსი პრეტენზიებით გამოვიდა. მიცოტაკისმა განაცხადა, რომ თურქეთის სამხედროები ახორციელებდნენ უნებართვო ფრენებს საბერძნეთის რამდენიმე დიდ კუნძულზე.

მიცოტაკისმა განაცხადა, რომ დაუკავშირდა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რათა თურქეთის მიერ საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევის შესახებ ეცნობებინა.

„ეს ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას და NATO-ს ერთიანობას“, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა. ოთხშაბათს, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური საჩივრის მისაღებად, ათენში თურქეთის ელჩიც დაიბარა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საბერძნეთს, „შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები და რიტორიკა“ და მხარი დაუჭიროს ახლახან განახლებულ მოლაპარაკებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ნდობის დამყარებას.

თავის მხრივ, თურქული მედია წერს, რომ თურქეთმა გადაწყვიტა, არ მიიღოს მონაწილეობა წვრთნებში - Tiger Meet, რომელიც მომავალ თვეს საბერძნეთში ჩატარდება. თურქული სააგენტო Anadolu-ს ცნობით, თურქეთმა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მასპინძელ ქვეყანას უკვე აცნობა. თუმცა სხვა წყაროები წერენ, რომ საბერძნეთმა საჰაერო წვრთნებში თურქეთის დაგეგმილი მონაწილეობა თავად გააუქმა.

NATO-ს წევრებს საბერძნეთსა და თურქეთს დიდი ხანია, უთანხმოება აქვთ ნავთობით და მინერალებით მდიდარ ეგეოსის ზღვაში საჰაერო და საზღვაო უფლებების შესახებ. უთანხმოებამ გამოიწვია საჰაერო ძალების თითქმის ყოველდღიური პატრულირება ძირითადად საბერძნეთის კუნძულების ირგვლივ სადავო საჰაერო სივრცეში, რომელსაც თურქეთი არაერთხელ აცხადებდა, როგორც საკუთარს და თავად რაიმე სახის დარღვევას უარყოფს. 

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასულ თვეს გამართეს მოლაპარაკებები და შეთანხმდნენ, რომ გადაჭრიდნენ თავიანთი ქვეყნების დიდი ხნის უთანხმოებას, ყოველ შემთხვევაში, დაძაბულობის დაფარვას, რადგან უკრაინაში კონფლიქტი მძვინვარებს.