საქართველო ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავიდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რითაც ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელისთვის ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილის გადაცემას გამოეხმაურა.
„ვამაყობ, რომ ევროკომისიის კითხვარი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს გადავეცი. საქართველოს ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედით. დარწმუნებული ვარ საქართველოს წარმატებაში, ქართველი ხალხის საბოლოო მიზნის მისაღწევად“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა.
3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილი საქართველომ 13 მაისამდე უნდა დააბრუნოს.