საქართველოში საწვავის ფასები რეკორდულ ნიშნულზეა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ნავთობსა და საწვავზე მსოფლიო ფასების ტენდენციას ადგილობრივი ბაზარი არ ემორჩილება.
საქართველოს ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი Europetime-თან ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე საწვავზე მაღალ ფასს ნავთობპროდუქტებზე არსებული „პლაცი“ (საერთაშორისო ფასი) განაპირობებს. „დღეს საერთაშორისო პლაცი მაღალია. მაგალითად, ერთი ტონა დიზელის საერთაშორისო ფასი $1200, რაც შეეხება ბენზინის საერთასორისო ფასს, ესაა $1132“.
- მისი თქმით, 2022 წლის მარტი ნავთობპროდუქტებზე პიკური ფასებით ხასიათდებოდა. „თითქმის იდენტურია დღევანდელი ფასები. პრემიერმა პირველად გააკეთა განცხადება 10 აპრილს, როცა ნავთობის ფასი შემცირდა. ამის მიზეზი გახდა აშშ-ის განცხადება, რომ სტრატეგიულ მარაგებს ხსნიან და მსოფლიო ბაზარს ყოველდღიუდად 6 თვე დამატებით 1 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს მიაწვდიან. ამ განცხადებამ ფასები შემცირა. თუმცა შემდგეგ ზრდა ისევ დაიყო“, - აღნიშნავს მთვრალაშვილი.
რაც შეეხება იაფად შემოტანილ საწვავს, ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, ფასდაკლებული საწვავი რუსეთიდან შემოვიდეს. „არავითარი სამართლებრივი პრობლემა აქ არ არსებობს. საწვავი რუსეთში მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნის ვარდნის გამო გაიაფდა“.
- ტერმინ „იაფ საწვავს“ განმარტება სჭირდება, მიიჩნევს ეკონომისტი პაატა ბაირახტარი და Europetime-თან აცხადებს, რომ „დღეს იაფია თურქმენული საწვავი, რომელიც საქართველოში ბრენდულ კომპანიებს შემოაქვთ და შემდეგ საბითუმო ბაზარზე მცირე მოთამაშეებზე ყიდიან. არის მაგალითები, როცა იმპორტიორთან პირად გარიგებაში შედის ქვეყანა და პროდუქტს დაბალ ფასად ყიდულობს. თუ ადგილი აქვს რომელიმე იმპორტიორ ქვეყანასთან ასეთ შეთანხმებას, მაშინ ეს ღიად უნდა ითქვას“.
„ბარელი ნავთობი $140 ღირდა, ახლა ფასი $100-ია. 1 აშშ დოლარის ღირებულება იყო 3,50 ლარი, ახლა 3,05 ლარია. ჩვენთან ორი თვეა, საწვავზე ფასი არ იცვლება. ფაქტია, რომ პროცესი ხელოვნურია. თუმცა სასაცილოა, როცა პრემიერი საწვავის ფასებზე არსებული ვითარების შეისწავლას ავალებს იმ უწყებას, რომელმაც დადო დასკვნა, რომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე კონკურენტული გარემოა და ყველაფერი წესრიგშია“, - ამბობს პაატა ბაირახტარი.
მისი თქმით, დღეს შედარებით იაფია რუსული საწვავი, რომელიც მსოფლიოსთვის უკარაინაშო ომის ფონზე „ტოქსიკური“ აღმოჩნდა. „დღეს რუსეთისგან საწვავის ყიდვას ყველა ერიდება. უკვე გაიშიფრა სქემები, რომ რუსული გემები თიშავენ ნავიგაციას, და არ უთიეთებენ, რომელ პორტში შედიან. არ ხდება გასაჯაროება შემდგომი სანქციების შიშით. რა იგულისხმა პრემიერმა „იაფიან საწვავში“ ჩემთვის გაუგებარია. გარიგება ხდება რამდენიმე ბირჟაზე და მერე აწვდიან ნავთობპროდუქტებს სხვადასხვა ქვეყანას“.
საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარს ბრენდირებული ნავთობგასამართი სადგირების მფლობელ 5 მსხვილ მოთამაშესთან (ვისოლი, გალფი, ლუკოილი, რომპეტროლი, სოკარი) ერთად, წვრილი კომპანიებოც ინაწილებენ. აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტის ექსკლუზიური უფლება 2006 წელს რეგისტრირებულ შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ აქვს.
რა ხდება ნავთობის მსოფლიო ბაზარზე
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ნავთობის პიკურ ფასებზე აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებამ მოახდინა გავლენა. ჯო ბაიდენმა ნავთობის მარაგების გახსნისა და მსოფლიო ბაზრისთვის 6 თვე დღეში ერთი მილიონი ბარელის მიწოდების შესახებ, 31 მარტს განაცხადა, მას შემდეგ, რაც ნავთობის ფასი $140-იან ნიშნულზე დაფიქსირდა. ამის შემდეგ Brent-ისა WTI-ის ტიპის „შავ ოქროზე“ ფასი 6,7% და 7%-ით შემცირდა. საწვავი კი მსოფლიო ბაზარზე 5,4 %-ით გაიაფდა.
ფასის კლების დინამიკა შენარჩუნდა რუსულ ნათობსა და საწვავზე. ევროკავშიროს სანქციების ფონზე 2022 წლის მარტის მეორე ნახევარში რუსულ ნავთობზე ფასი 20%-ით დაეცა და ბარელზე $89 შეადგინა [8 მარტს URAL-ის ფასი $110 ნიშნულზე იყო], როცა Brent-ის მარკის ნავთობი $112 ღირდა. აპრილში რუსული ნავთობის ფასი კიდევ უფრო დაეცა და ბარელზე $75 შეადგინა. ამასთან ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ნავთობის მოპოვებას ამცირებს.
Reuters-ის ცნობით, შესაძლოა, მოპოვება 17%-ით 443,8 მილიონ ტონამდე დაეცეს და დღე-ღამეში კლებამ 8,68 -9,5 მილიონი ბარელი შეადგინოს. ეს 2003 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება, როცა რუსული ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი 421 მილიონ ტონას აღწევდა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირი რუსლი ნავთობის ემბარგოს გეგმავს. სავარაუდოდ, ამის შესახებ სანქციების მე-6 პაკეტიდან გავიგებთ. მანამდე, აშშ-მა ბრიტანეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა აკრძალეს. რუსულ ნავთობზე სანქციები ჯერ არ ვრცელდება, თუმცა გასულ კვირას ამსტერდამის პორტის მუშებმა რუსული დიზელით დატვირთული ტანკერი არ გადმოტვირთეს. მანამდე რუსული ტანკერის დაცლაზე, უარი თქვეს შვედეთის პორტის მუშებმა.
რა ხდება ნავთობპროდუქტების ადგილობრივ ბაზარზე
საქართველოს ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ვებგვერდის მონაცემებით, 2022 წლის 2 მაისს ბრენდირებულ ქსელებში პრემიუმის ტიპის საწავავზე ფასი 4,10-4,19 ლარამდეა, რეგულარის 3,76 – 3,79 ლარამდე, ხოლო დიზელის ფასი 4,35-დან 4,45 ლარამდე მერყეობს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან საქართველოში პრემიუმ-კლასის საწვავი 64 თეთრით გაძვირდა, რეგულარი კი 60 თეთრით, დიზელის საწვავზე კი ფასი 85 თეთრით გაიზარდა.
რომელი ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში საწვავი
2022 წლის იანვარ-მარტში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი:
რუმინეთი - 69,4 ათასი ტონა, მთელი იმპორტის 27%.
რუსეთი - 53,7 ათასი ტონა - 20,9%;
ბულგარეთი - 53,5 ათასი ტონა - 20,8%;
აზერბაიჯანი - 40,4 ათასი ტონა - 15,7%;
თურქმენეთი - 30,6 ათასი ტონა - 11,9%;
თურქეთი - 5,5 ათასი ტონა - 2,1%;
საბერძნეთი - 3 ათასი ტონა - 1,2%;
ყაზახეთი - 0,6 ათასი ტონა - 0,2%,
სეიშელი - 0,5 ათასი ტონა - 0,2%.
როგორ ფორმირდება ფასი
რაც შეეხება საწვავის ფასის ფორმირებას საქართველოში, აქ მნიშვნელოვანია გადამუშავებული საწვავის საერთაშორისო ფასები (Platts). ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით. სახელმწიფო აქციზის გადასახადი (2017 წლის 1-ელ იანვრამდე აქციზი ტონაზე 250 ლარი იყო, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან კი 500 ლარამდე გაიზარდა. ერთ ლიტრზე აქციზის ფასი დღეს შეადგენს 38 თეთრს, მაშინ როდესაც 2017 წლამდე ის 19 თეთრი იყო.)
დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) – საქართველოში დღგ 18%-ს შეადგენს.
რა ღირს საწვავი რეგიონსა და მეზობელ ქვეყნებში
GlobalPetrolPrices.com-ის მონაცემებით, 2022 წლის 25 აპრილს რეგიონსა და საქართველოში 1 ლიტრს საწვავზე შემდეგი ფასები დაფიქსირდა:
საქართველო - $1,317 – 4 ლარი
სომხეთი - $ 1,134 – 3,65 ლარი
რუსეთი - $0,691 – 2,10 ლარი
აზერბაიჯანი - $0,588 – 1,79 ლარი
უკრაინა - $1,132 – 3,45 ლარი
თურქეთი - $1,293 – 3,94 ლარი
თურქმენეთი - $0,428 – 1,30 ლარი
ცნობისთვის, 2 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცახდა, რომ ბევრმა იმპორტიორმა საქართველოში შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანა დაიწყო, თუმცა ეს ფასებზე ჯერ არ ასახულა.
„ჩვენ მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, დეტალურად შეისწავლოს საკითხი და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა. ამის შემდეგ რა თქმა უნდა, მთავრობას ექნება საშუალება, რომ მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. ჩვენ წინასწარ არაფერს ვამტკიცებთ, არსებობს გარკვეული ინფორმაციაც, ხომ არ არის რაიმე მოლაპარაკება ფასთან დაკავშირებით. საჭიროა, დაიდოს მონიტორინგის ანგარიში და ამის შემდეგ გავაკეთებთ დასკვნებს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავის მხრივ, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში საწვავის ფასებმა უნდა დაიკლოს და ამის საფუძველია იმპორტიორების მიერ ნავთობპროდუქტების შეძენასთან დაკავშირებით გაფორმებული ახალი კონტრაქტები.
„ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ მიმდინარე კონტრაქტები იყო გაცილებით დაბალ ფასებში, ვიდრე ეს იყო მაგალითად, იანვრის თვის კონტრაქტები. მაშინ საერთაშორისო ბაზარზე ფასები მაქსიმუმზე იყო ასული. ბოლოს გაფორმებულმა კონტრაქტებმა კი ასახვა უნდა ჰპოვოს ადგილობრივ ბაზარზეც, ვინაიდან ძველი შეძენილი ნავთობპროდუქტები ახალი კონტრაქტებით ჩანაცვლდება. კონკურენციის სააგენტოსაც მიღებული აქვს დავალება და 15 მაისისთვის შესაბამისი დასკვნაც იქნება მზად. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება, ვისაუბროთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამომავლოდ", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
Europetime შეეცადა, ქვეყანაში იაფი საწვავის შემოტანაზე ნავთობიმპორტირებისაგან მიეღო, თუმცა კომპანიებმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.