Reuters: რუსეთში 2022 წელს ნავთობის მოპოვება შესაძლოა, 17%-ით შემცირდეს

2022 წელს რუსეთში ნავთობის მოპოვება შესაძლოა 17%-ით დაეცეს. ამის მიზეზი, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციებია.

Reuters ამ დასკვნას, რუსეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების დოკუმენტებზე დაყრდნობით აკეთებს. რუსეთში ნავთობის წარმოების ვარდნა 1990-იანი წლების შემდეგ ყველაზე მასშტაბურია. მაშინ რუსეთის ნავთობინდუსტრია ინვესტიციების სიმცირის გამო დაზარალდა.

დოკუმენტების თანახმად, რუსული ნავთობის მოპოვება შესაძლოა 443,8 მილიონ ტონამდე დაეცეს და დღე-ღამეში კლებამ 8,68 -9,5 მილიონი ბარელი შეადგინოს. ეს 2003 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება, როცა რუსული ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი 421 მილიონ ტონას აღწევდა.

2022 წელს ასევე მოსალოდნელია ნავთობისა და გაზის იმპორტის კლება, ნათქვამია ოფიციალურ დოკუმენტში. რუსეთში ნავთობის მოპოვების კლება მარტში დაფიქსირდა, ხოლო აპრილში 7,5%-მდე დაეცა. შემცირებულია რუსული ნავთობის ექსპორტიც.


შეგახსენებთ, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა რუსულ ნავთობზე შეზღუდვა დააწესეს. ამასთან მსხვილმა კომპანიებმა Shell Plc-მა, TotalEnergies SE-მ რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარი განაცხადეს. 

14 მარტს ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის (NIOC) ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანი მზადაა, საჭირო მოცულობის ნავთობის მიწოდება უზრუმველყოს მსოფლიო ბაზარზე და დაასტაბილუროს ფასები, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო IRNA.

ევროკავშირის მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, მათ შორის, ნავთობის ემბარგოს განიხილავენ.


ასევე წაიკითხეთ