ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში, სამხრეთ კავკასიის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს.

„ჩვენ ევროპას გაზით 2020 წლის ბოლოდან ვამარაგებთ გაზის „სამხრეთ დერეფნის“ გავლით და დღემდე, ამ დერეფნის გავლით მიწოდებამ 11 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა. უკვე მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპულმა მონაკვეთმა, ტრანსადრიატიკის მილსადენით (TAP), იტალიას მიაწოდა 2,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, რომელიც ფარავს მოთხოვნის დაახლოებით ცხრა პროცენტს, ხოლო 0,3 მილიარდი კუბური მეტრი საბერძნეთს. მოთხოვნის 20 პროცენტი). ევროპული ქვეყნები გამოთქვამენ ინტერესს, რომ აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდება გაორმაგდეს,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანელი ექსპერტების შეფასებით, გაზის „სამხრეთ დერეფანი“ ხელს უწყობს ევროპისთვის გაზის მიწოდების დივერსიფიკაციასა და აძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას კონტინენტზე, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. დღეს გაზის „სამხრეთ დერეფნის“ გაფართოების პერსპექტივები დადებითადაა შეფასებული, რადგან ეს უზრუნველყოფს გაზის კონკურენტულ ფასებს ევროპაში.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსული გაზისა და ნავთობის სრულ ემბარგოზე ვერ თანხმდებიან. ამავდროულად აშშ და ევროკავშირი განიხილავენ, როგორ შეუმცირონ რუსეთს ნავთობიდან მიღებული შემოსავლები. რუსული ენერგორესურსების რამდენიმე მსხვილმა მომხმარებელმა ნავთობემბარგოზე თანხმობა განაცხადა.


უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ (24 თებერვლიდან) რუსეთიდან ნავთობის, თხევადი გაზის და ნახშირის იმპორტმა ჯამში €63 მილიარდი შეადგინა. აქედან მთელი მოცულობის 71% (€44 მილიარდი) ევროკავშირზე მოდის. ამის შესახებ ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის პუბლიკაციაშია ნათქვამი, რომელიც ეკოლოგიური ინიციატივების ცენტრმა „ეკოდიამ“ გამოაქვეყნა. 


ასევე წაიკითხეთ

Reuters: რუსეთში 2022 წელს ნავთობის მოპოვება შესაძლოა, 17%-ით შემცირდეს

ევროკავშირი რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმას 2027 წლისთვის აპირებს