ელენე ხოშტარია: მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება და დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შევქმნა

"ამ ეტაპზე მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება და დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შევქმნა.", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარტიის დატოვებაზე კომენტარის გაკეთებისას.

"პირველ რიგში, მადლობას ვუხდი "ევროპულ საქართველოს". ეს არის გუნდი, სადაც პრაქტიკულად დავიწყე პოლიტიკური ცხოვრება, რომელთან ერთადაც გავიარე ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძოლები და ძალიან ბევრი რამე შევიძინე. დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, როგორც ამ პარტიაში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა აქტივისტს, რომელიც ამ პარტიაში ჩვენთან ერთად იბრძოდა.

ამ ეტაპზე მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება." - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

როგორც მან აღნიშნა, ის არ აპირებს სხვა პოლიტიკურ პარტიაში გადასხვლას და არ განიხილავს პარლამენტში შესვლის საკითხსაც.

"არ გადავდივარ არცერთ სხვა პარტიაში. ასევე ძალიან მყარად ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში. ოპოზიციური ერთობა არის უძლიერესი იარაღი, დღევანდელ რეჟიმთან ბრძოლის პროცესში.

არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლის საკითხს. ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება აბსოლუტურად იგივე. უბრალოდ, მე მაქვას ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში, ახალი პლატფორმის შექნმა, ახალი ძალის შექმნა." - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.