"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ელენე ხოშტარიას წასვლა სიურპრიზი არ ყოფილა და მათ იცოდნენ, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ელენე დამოუკიდებელ პოილიტიკურ საქმიანობას გეგმავდა.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ჩვენ ვიცოდით, რომ მას მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ ამ პოლიტიკური ციკლის, ანუ ამ არჩევნების დასრულების შემდეგ იგი ფიქრობდა დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობაზე. მეტი აქცენტით სამოქალაქო აქტივიზმზე. ამიტომ, როგორც არ უნდა დასრულებულიყო, რა შედეგითაც ეს არჩევნები, ჩვენთვის ეს სიახლე არ ყოფილა და სიურპრიზი არ ყოფილა.
ეს არის ის, რაც წინასწარ პარტიის შიგნით ვიცოდით და ვიყავით მოლაპარაკებული, ამიტომ წარმატებას ვუსურვებ მის ახალ გზაზე და ვფიქრობ, რომ მიზანი გვაქვს საერთო“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას ბევრი „ბინძური ჭორი“ მოჰყვა და არც ერთი არ არის დასაჯერებელი.
„ყველა ბინძურ ჭორს, რომ თითქოს ეს არის უთანხმოების შედეგი, ან თითქოს ელენე აპირებს პარლამენტში შესვლას, ან თითქოს არის რაღაც განხეთქილება, ყველა ასეთ ბინძურ ჭორს მინდა ახლავე ვუპასუხო, რომ ეს არაფერი ასე არ არის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა.
როგორც ხოშტარია აცხადებს, გადაწყვეტილება მიიღო, დაიწყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება და ქმნის ახალ პოლიტიკურ პლატფორმას. ამასთან, ხოშტარიას თქმით, რჩება ოპოზიციურ ერთობაში და პარლამენტში შესვლას არ გეგმავს.