თენგიზ ცერცვაძე: მე ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე - შეურაცხყოფილი ვარ უკიდურესად უსამართლო ცილისწამებების გამო

„მე ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე ერთადერთი მიზეზით - ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ იმ უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილ და აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო, რომლებიც ბოლო დღეებში ჩემი (და არამარტო ჩემი) მისამართით გამოითქმება (საბედნიეროდ საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილის მიერ)“, - ამ სიტყვებით ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ცდილობენ დააბრალონ, რომ „სხვებთან ერთად მონაწილეობდა COVID19-ის მართვისთვის გამყოფილი ერთი მილიარდი ლარის მითვისებაში, მაშინ, როდესაც მთელი პანდემიის განმავლობაში, მისი შემოსავალი არცერთი მხრიდან ერთი ლარითაც კი არ გაზრდილა“.

„უფრო მეტიც - იმ დანამატსაც კი არ ვიღებდი, რომელიც COVI ავადმყოფებთან მუშაობისთვის მეკუთვნოდა (რათა სხვებს არ დაკლებოდა), მხოლოდ დატვირთვა და ჯანმრთელობისთვის საფრთხე გაიზარდა და თან ძალიან სერიოზულად. და საერთოდ, მთელმა ქვეყანამ იცის, რომ მე ჩემი ხანგრძლივი საექიმო საქმიანობის მანძილზე არცერთი ავადმყოფისგან არასდროს კანონიერი ჰონორარიც კი არ ამიღია. ცდილობენ, დაგვაბრალონ, რომ საქართველოში COVID ავადმყოფების მართვა ძალიან ცუდად ხდებოდა???!!! ვმანიპულირებდით ავადმყოფების და საწოლების რაოდენობით?! რომ განგებ ვხოცავდით კლინიკებში COVID ავადმყოფებს???!!! და ასე განსაჯეთ ჯანმრთელ ადამიანებსაც კი???!!! და ყველაფერ ამით დიდ ფულს ვაკეთებდით???!!! და ვანგრევდით ქვეყნის ეკონომიკას???!!! და რომ ყველაფერი ამისთვის სამაგალითოდ და უმკაცრესად უნდა დავისაჯოთ???!!!

სინამდვილეში საქართველოში COVID ავადმყოფების ნაკადების მართვა და უშუალოდ ავადმყოფების მკურნალობა ერთ-ერთი საუკეთესო იყო და არის მსოფლიოში პანდემიის ყველა ეტაპზე. კერძოდ, ევროპის და ამერიკის ბევრი წამყვანი ქვეყნისგან განსხვავებით საქართველოში (2020 წლის ბოლოს 2-3 კვირიანი მონაკვეთის გამოკლებით) არცერთი COVID ავადმყოფი არ დარჩენილა ექიმის და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე და თან უმაღლესი სტანდარტების მკურნალობით. საკმარისია ითქვას, რომ კლინიკური მართვის ხარისხის მთავარი მაჩვენებელი - ყველა დადასტურებულ შემთხვევას შორის გარდაცვალების პროცენტი - ე.წ. CFR (case fatality rate) საქართველოს უფრო დაბალი აქვს და შესაბამისად გადარჩენის მაჩვენებელი უფრო მაღალი აქვს, ვიდრე მსოფლიოს 111 ქვეყანას, ხოლო ქვეყნის კლინიკებში ჰოსპიტალიზებული პაციენტების გარდაცვალების საშუალო პროცენტი უფრო დაბალია, ვიდრე ამერიკის და ევროპის ჩვენზე ბევრად ძლიერი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნების ბევრ კლინიკაში. აღარაფერს ვამბობ ბინაზე COVID გარდაცვალების შემთხვევებზე, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. არის სხვა საკითხებიც, მაგრამ ძალიან გაგვიგრძელდება.

მე კარგად მესმის, რომ უსამართლო დამოკიდებულებას და დაუმსახურებელ ბრალდებებს ცხოვრებაში ვერ ასცდები. შორს რომ არ წავიდეთ - მსოფლიოში უპრეცედენტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვისაც კი (რომელმაც 80 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა) გვაკრიტიკებდნენ და ისიც ვიცი, რომ საქართველოში ხშირად მოქმედებს პრინციპი „დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია“, მაგრამ ამჟამად უსამართლო დამოკიდებულება იმდენად ზღვარგადასულია, რომ თავის გაკონტროლება მიჭირს.
აი, სულ ეს არის“, - წერს თენგიზ ცერცვაძე. 

შეგახსენებთ, რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტი მთლიანად იცვლება. რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ლიანა ჭუმბურიძე დაინიშნა. ამ პროცესებს წინ უძღოდა ჯანდაცვის მინისტრის განცხადება.