საგადასახადო შეღავათი 42 ათასზე მეტ კომპანიაში დასაქმებულ 550 ათასზე მეტ პირს შეეხება

საგადასახადო შეღავათების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგინეს.

სხდომაზე ითქვა, რომ საკანომდებლო ინიციატივის განხილვა კომიტეტებში დღეიდან დაიწყება, უახლოეს პლენარულ სხდომაზე კი დაჩქარებული წესით მიიღებენ.

ამასთან, პროექტის თანახმად, კიდევ ექვსი თვით - 2020 წლის 1-ელი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში, გრძელდება საშემოსავლო გადასახადში დაწესებული შეღავათის მოქმედება. კერძოდ, დამქირავებელი უფლებამოსილი ხდება ბიუჯეტში არ გადაიხადოს დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება. როგორც ინიციატორები განმარტავენ, აღნიშნული საგადასახადო შეღავათი 42 ათასზე მეტ კომპანიაში დასაქმებულ 550 ათასზე მეტ პირს შეეხება. საგადასახადო შეღავათის ოდენობა საშემოსავლო გადასახადში 270 მილიონ ლარს შეადგენს.