საქართველოში "ბილაინის" ქსელის მფლობელი იცვლება. ამ გადაწყვეტილებას დღეს კომუნიკაციების კომისიამ დაუჭირა მხარი. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქართველი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია ხდება, რომელმაც წილის ნასყიდობაზე კომისიას 4 აპრილს მიმართა.  

კომუნიკაციის კომისიის სხდომის თანახმად, “ბილაინი” ეკუთვნის VEON Georgia Holding B.V.-ის, რომელიც თავის მხრივ ფლობს ორ კომპანია WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ის და Investico Alliance LTD-ის. თავად ეს კომპანიები კი უშუალოდ "ვიონი საქართველოს" ფლობენ, კერძოდ WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ის "ვიონი საქართველოს 71%, Investico Alliance LTD-ის კი "ვიონი საქართველოს" 29%-იანი წილი ეკუთვნის. ჯამში ეს ორივე ფირმა "ვიონი საქართველოს" 100%-იან წილს ფლობს. 

Investico Alliance LTD-ის და WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ის შესყიდვის შემდეგ ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია “ვიონი საქართველოს” 100%-იანი მესაკუთრე ხდება.

კომუნიკაციების კომისიის განცხადება:

"საკითხის შესწავლის საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ხვიჩა მაქაცარიას მიერ აღნიშნული კომპანიების წილების შეძენა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ მოახდენს და აღნიშნული ტრანზაქცია თავსებადია ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ წილების გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო,"- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

“ვიონი საქართველო” აქამდე საერთაშორისო ჯგუფ „VEON“-ში შედიოდა. „VEON“ ნიდერლანდებშია რეგისტრირებული, თუმცა მისი აქციების 47.9%-ს „Letterone Investment Holdings S.A“ ფლობს, რომლის დამფუძნებელი და მაკონტროლებელი რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია, რომელიც მარტიდან სანქციების ქვეშ მოექცა.