6 თვის განმავლობაში, დამსაქმებლებს უფლება ექნებათ, 750 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადი ბიუჯეტში არ გადაიხადონ

საგადასახადო ინიციატივების საკანონმდებლო ინიციატივა მზადაა. ცვლილებების მიხედვით, მიმდინარე წლის 1-ლი დეკემბრიდან, 6 თვის განმავლობაში, დამსაქმებელი უფლებამოსილი იქნება, დასაქმებულისთვის 750 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულებაც მას აქვს, დაუკავოს დასაქმებულს, თუმცა, უფლება ექნება, რომ ეს თანხა ბიუჯეტში არ გადაიხადოს. ეს ვრცელდება იმ დასაქმებულებზეც, რომელთა ხელფასიც, ერთი თვის განმავლობაში, შეადგენს 1 500 ლარს ან ნაკლებს, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

„ეს პროგრამა ძალიან ნაცნობია ჩვენი კერძო სექტორისთვის, ვაგრძელებთ ამ პროგრამას იმისთვის, რომ კერძო სექტორს ტვირთი შევუმსუბუქოთ და შესაბამისად, სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ. ეს კონკრეტული ღონისძიება 42 ათასამდე კომპანიისთვისაა ხელმისაწვდომი და მათ შეუმსუბუქებს ამ ტვირთს. პროგრამა 550 ათასი დასაქმებულისთვის იქნება დამატებითი გარანტი, რომ სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდებათ“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.