დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილ კონსილიუმის წევრებიდან "ბევრის მოსაზრებას ენდობა". ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"არ ვიცი რეალურად, როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისევე როგორც თქვენ, მეც ვისმენ ტელევიზიით. როდესაც ჯანმრთელობას ეხება საქმე, იქ პირველი სიტყვა ყოველთვის ექიმებს ეთქმით. მოდით, ვენდოთ. იქ ვინც არიან ექიმები, რამდენიმეს ძალიან ახლოს ვიცნობ, ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ პროფესიულ ცოდნას და ღირსებას. მათ პროფესიულ მოსაზრებას ვენდობი და ღირსებას", - განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა.
მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.