თეა წულუკიანი: მგონი, არ გვყავს სახალხო დამცველი, მე არ უნდა მიწევდეს პატიმრებზე საუბარი

პარლამენტის წევრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველს აკრიტიკებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, ამნისტიის კანონპროექტი, მისი სამუშაო სფეროდან გამომდინარე, მის ინტერესებში უნდა შედიოდეს და წარმომადგენელი განხილვებს უნდა ესწრებოდეს.

„არ ვიცი, რამდენად გვესწრება სახალხო დამცველის წარმომადგენელი. თუ არის... მგონი, არ არის იმიტომ, რომ მგონი, ჩვენ სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს. ეს ამნისტიის პროექტი მრავალი წლის მერე არის პირველი კანონპროექტი, რომელიც უშუალოდ ეხებათ პატიმრებს. შესაბამისად, მინდა, მის აპარატს მოვუწოდო, დღეს რომ უარი თქვეს მობრძანებაზე, იურიდიული კომიტეტის სხდომებს მაინც დაესწრონ და ამ მაღალი ტრიბუნიდან გააგონონ თავიანთი ხმა იმათ, ვისთვისაც უნდა მუშაობდნენ. ესენი არიან, პირველ რიგში, უვადო პატიმრები და ზოგადად, პატიმრები. მე არ უნდა მიწევდეს, თუმცა ეს ჩემთვის დიდი პატივია, ამ მოწყვლად ჯგუფზე ვსაუბრობდე. ეს მათი საქმეა, პირველ რიგში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამნისტიის კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე დღის წინ დაარეგისტრირა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ კანონის მიღებით არ გათავისუფლდებიან ის პირები, ვისაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიიჩნევს.