საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ გეგმავს ინფექციური საავადმყოფოს შემოწმებას კოვიდკლინიკებში თანხების არამიზნობრივად გახარჯვასთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, აუდიტი ინფექციურ საავადმყოფოს არ შეეხება და პირიქით, ამ კლინიკის ექიმები თავად არიან ჩართულნი სხვადასხვა დაწესებულების შემოწმების პროცესში.
„ცალკე აღებული, ინფექციური საავადმყოფო ჩვენ არ შეგვიმოწმებია და არც ვაპირებთ იმიტომ, რომ ვფიქრობთ, იქ არიან ისეთი მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, რომლებიც პირიქით, თვალსაჩინო მაგალითები არიან სხვადასხვა კლინიკებისთვის, თუ როგორ უნდა მართონ ადგილზე ინფექციები და კლინიკა სწორად”, – განმარტა აზარაშვილმა.
ამასთან, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ თენგიზ ცერცვაძე ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური სპეციალისტია და მასთან მუდმივ კომუნიკაციაშია. „ბატონი ცერცვაძე არის ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი, ყველაზე კვალიფიციური სპეციალისტი, ინფექციონისტი ქვეყანაში და აქედან გამომდინარე მასთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია. ის ინფექციის კონტროლის კუთხით, თავის თანამშრომლებთან ერთად, ჩართულია კონტროლის იმ წესის შემუშავებაში, იმ პროექტის შექმნაში, რითაც ჩვენ მივყვებით და კლინიკებს ვამოწმებთ. და ის უშუალოდ ჩართულია, თუ რომელ კლინიკაში რა სიტუაციაა ამ კუთხით და აქედან გამომდინარე მადლობა მინდა გადავუხადო მას, ასეთი აქტიური ჩართულობისთვის”, — განაცხადა აზარაშვილმა.
27 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამოწმებს, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა კოვიდკლინიკებისთვის გამოყოფილი თანხები.
4 მაისს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ცილისწამების გამო სამსახურიდან წასვლაზე ფიქრობდა. „ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ იმ უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილ და აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო, რომლებიც ბოლო დღეებში ჩემი (და არამარტო ჩემი) მისამართით გამოითქმება (საბედნიეროდ, საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილის მიერ)“, – წერდა ცერცვაძე.