კარლ ჰარცელი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, სამედიცინო დახმარების გაწევასა და უფლებების დაცვაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას

პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მათ შორის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევასა და მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას და ეს არის ის, რასაც ჩვენ მათგან ველით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, არაერთხელ უთქვამს, რომ არ არის ექიმი, მაგრამ მიესალმება, რომ გადაწყვეტილებები და ქმედებები დამოუკიდებელი სამედიცინო რჩევის საფუძველზე მიიღება.

„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რაც ფუნდამენტურია ევროკავშირისთვის. კერძოდ, იმ ფაქტს, რომ პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მათ შორის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევასა და მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას და ეს არის ის, რასაც ჩვენ მათგან ველით. მათგან ველოდებით მოქმედებას, რომელიც მისი პირობების შეფასებას შეესაბამება. არაერთხელ მითქვამს, მე არ ვარ ექიმი, არ ვარ ფაქტების მცოდნე, მაგრამ მივესალმები, რომ გადაწყვეტილებები და ქმედებები მიიღება დამოუკიდებელი სამედიცინო რჩევის საფუძველზე“, – განაცხადა კარლ ჰაცელმა.


შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა.

მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.


ასევე წაიკითხეთ