სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ექიმების 24 - საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები და სათანადო სამედიცინო შემოწმება შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური.
"სპეციალური პენიტენციური სამსახური მოქმედებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულ სააკაშვილს ჩაუტარდება ყველა აუცილებელი გამოკვლევა და მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში.
მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს, თავი შეიკავონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებისგან, რეალობისგან მკვეთრად განსხვავებული აღქმის შექმნისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ყველა მცდელობისგან",- აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა.
მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.