საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თეა წულუკიანის განცხადებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პასუხობს.
„იმის გამო, რომ სახალხო დამცველს ამნისტიის კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, თეა წულუკიანს პარლამენტში უთქვამს, სახალხო დამცველი არ გვყავსო. შეიძლება განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს არა აქვს ინფორმაცია სახალხო დამცველის მანდატზე და ადამიანის უფლებების სტანდარტებზე", - აღნიშნავს ლომჯარია.
მისივე თქმით, ამნისტია პოლიტიკური აქტია. „ადამიანის უფლებათა სამართლიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი ვერ იტყვის, თუ რომელ მუხლს უნდა შეეხოს ამნისტია, რადგან, კიდევ ერთხელ, ამნისტია არის პოლიტიკური აქტი!
ქალბატონი თეა თავად შეეხო პირობით ვადამდე გათავისუფლების პრობლემურობის საკითხს. ნამდვილად, წლების განმავლობაში ეს ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა! აღნიშნულს არაერთი ანგარიში თუ რეკომენდაცია მივუძღვენით, რომლებიც გადაეგზავნა როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე პარლამენტს, თუმცა, „პატიმრებზე მზრუნველი" მინისტრის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
ომბუდსმენი კიდევ ერთხელ სთავაზობს და მოუწოდებს პარლამენტის ცალკეულ წევრებს, პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლის ნაცვლად, მოიძიონ სახალხო დამცველის აპარატის მიერ წარდგენილი ანგარიშები, რომელიც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პირთა უფლებრივ მდგომარეობას შეეხება და საპარლამენტო ფორმატებში აქტიურად განიხილონ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
„მგონი, არ გვყავს სახალხო დამცველი, მე არ უნდა მიწევდეს პატიმრებზე საუბარი“, - ეს განცხადება დღეს თეა წულუკიანმა გააკეთა.