იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ 30 აპრილს სახალხო დამცველის აპარატს გაეგზავნა კითხვები, რომლებიც დასმული იყო ექიმების მიერ, მაგრამ წერილობითი პასუხი უწყებას არ მიუღია.
„თუ სახალხო დამცველს აქვს სააკაშვილისგან წერილობითი თანხმობა, მაშინ გაასაჯაროონ ის წერილობითი კითხვები, რომლებითაც მივმართეთ ჩვენ; გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი და იმსჯელოს სამედიცინო საზოგადოებამ“.
რაც შეეხება სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმებისა და პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის შეხვედრას, მინისტრის თქმით, ამ საკითხს ექიმები გადაწყვეტენ. „ჩვენი სამედიცინო პერსონალი და სამედიცინო დეპარტამენტი იმსჯელებს, რამდენად საჭიროა შეხვედრა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა.
მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.