გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფება უკრაინაში, 10 მაისს ქალაქ ბუჩაში ჩავიდა, სადაც რუსეთის ჯარებს ბრალად ედებათ ომის დანაშაულის ჩადენა. გერმანელი მინისტრის უკრაინაში ჩასვლის შესახებ, რამდენიმე მედიამ დაწერა, რომ ბერბოკი გერმანიის მინისტრთა კაბინეტის პირველი წევრია, რომელიც კიევს ეწვია მას შემდეგ, რაც რუსეთმა თებერვლის ბოლოს უკრაინაზე არაპროვოცირებული შეტევა დაიწყო.
დღის მეორე ნახევარში ბერბოკი უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებას შეხვდება. ასევე გერმანის საგარეო საქმეთა მინისტრი გეგმავს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას. მედიის ცნობით, ბერბოკი კვლავ აპირებს კიევში გერმანიის საელჩოს გახსნას, რომელიც თებერვლის შუა რიცხვები დაიხურა.
ცნობისათვის, ბერბოკის ვიზიტს წინ უძღოდა რამდენიმე კვირიანი უთანხმოება გერმანიისა და უკრაინის ხელისუფლებას შორის. უკრაინაში რუსეთის „სპეცოპერაციის“ დაწყებიდან, სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ამ ქვეყანას გერმანიის ხელმძღვანელობა არ ეწვია.
აპრილის შუა რიცხვებში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს სურდა კიევში ჩასვლა, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებამ გააუქმა მიღება რუსეთის ფედერაციასთან მისი სავარაუდო მჭიდრო კავშირების მოტივით. ამან გერმანიაში კრიტიკა გამოიწვია და კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ კიევში წასვლას არ აპირებს, სწორედ პრეზიდენტთან მომხდარი ამბის გამო.