რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ოკუპირებული ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ასეთ გადაწყვეტილებებს უნდა ჰქონდეს მკაფიო სამართლებრივი სარჩული, „როგორც ეს რუსეთის ფედერაციასთან ყირიმის მიერთებას ჰქონდა“.
„რა თქმა უნდა, ეს საკითხი ნათლად და გულდასმით უნდა იყოს გადამოწმებული და შეფასებული იურისტებისა და ადვოკატების მიერ, რადგან, რა თქმა უნდა, ასეთ საბედისწერო გადაწყვეტილებებს უნდა ჰქონდეს აბსოლუტურად მკაფიო სამართლებრივი საფუძველი, სამართლებრივი დასაბუთება, იყოს აბსოლუტურად ლეგიტიმური, როგორც ეს იყო ყირიმის შემთხვევაში“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ხერსონის ოლქის „სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის“[საოკუპაციო რეჟიმის მიერ დანიშნული ხელისუფლება] უფროსის მოადგილემ, კირილ სტრემოუსოვმა სიმფეროპოლში, 11 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხერსონის რეგიონი ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების თხოვნით მიმართავს.
უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქი ხერსონი რუსეთის სამხედრო ძალებმა 2022 წლის მარტში დაიკავეს. ოკუპაციის წინააღმდეგ ხერსონელების არაერთი საპროტესტო აქცია რუსმა სამხედროებმა ძალით დაშალეს. ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპაციის გამო, ხერსონი დატოვა ქალაქის მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა.
2014 წელს, რუსეთმა მასთან შეერთების მიზნით, ე.წ. რეფერენდუმი ჩაატარა ყირიმში, ხოლო ე.წ. დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად უკრაინის კიდევ ორ ტერიტორიაზე - დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში. უკრაინაზე თავდასხმამდე, 2022 წლის 24 თებერვლამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა "რეფერენდუმების" საფუძველზე შექმნილი, ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".
შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა.