კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, იქნებოდა ძალიან პოზიტიური ნაბიჯი

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბატონმა სააკაშვილმა მიიღოს ის მკურნალობა, რაც მას სჭირდება, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა.

დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია სააკაშვილის მდგომარეობის პროფესიონალი ექიმების მიერ მიუკერძოებელი შეფასება.

„ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბატონმა სააკაშვილმა მიიღოს ის მკურნალობა, რაც მას სჭირდება, აქცენტი უნდა იყოს ამაზე. მისი კერძო კლინიკაში გადაყვანა, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, მისი მდგომარეობის შეფასება, იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯი. შემდეგი ნაბიჯი არის კვალიფიციური სამედიცინო პროფესიონალების მიერ მიუკერძოებელი შეფასება, რომლის მიმართ ნდობა ყველას შეეძლება. ფუნდამენტურად ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე და იმაზე, რომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბატონმა სააკაშვილმა ან ნებისმიერმა, მის მდგომარეობაში მყოფმა მიიღოს ის ზრუნვა, რაც მას სჭირდება. ეს უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კელი დეგნანმა.


იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 10 მაისს, მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "მიხეილ სააკაშვილს, შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გაუკეთდება შეთავაზება, რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა "ვივამედში", სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა“.

კობა ნაყოფიას განცხადებით, სააკაშვილი "ვივამედში" გამოკვლევების ჩატარებაზე თანახმაა. 

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და სრულად უჭერს მხარს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით.

„პრეზიდენტს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, რათა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არც საზოგადოებაში და არც ევროპელი პარტნიორებისგან არ ჩნდებოდეს კითხვები. ეს არის ქვეყნის რეპუტაციის და იმიჯის საკითხი, რომელიც მოითხოვს გამჭვირვალობას, დიდ სიფრთხილეს და დაკვირვებას, რომ არ არსებობდეს რაიმე საფრთხე და მაქსიმალურად დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და სრულად უჭერს მხარს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცახდებაში. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ.

9 მაისს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა.

მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.