Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის სპეციალურ წარმომადგენელ და მრჩეველ პოლ გობლთან, რომელიც ასევე იკავებდა სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსის პოზიციას.
ET: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათს ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც საშუალებას აძლევს აშშ-ს, უფრო სწრაფად მიაწოდოს იარაღი უკრაინას. ლენდ-ლიზის აქტი თავდაპირველად პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა შემოგვთავაზა, მან ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული ქვეყნებისთვის დახმარება რთული ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე შესაძლებელი გახადა. მაშინდელი მოვლენების მსგავსად, არის თუ არა ეს აქტი გარკვეულწილად გადამწყვეტი და რა როლი აქვს მას რუსეთ-უკრაინის ომში?
ეს აქტი პირდაპირ ეხმარება უკრაინას, უფრო მარტივად მიიღოს მეტი იარაღი. ეს იმის ნიშანია, რომ მის უკან დასავლეთი დგას. რასაც ველოდები, ეს არის უკრაინელი ხალხის გმირობა და რუსეთის ძალების სწრაფი დეგრადაცია.
ET: პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ „აშშ-ს სურს, რუსეთი დასუსტდეს“, რათა ხელახალი ინტერვენცია ვეღარ შეძლოს, მაგალითად, ზოგიერთმა ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ეს სიტყვები გასაკვირი იყო აშშ-ის თავდაცვის მდივნისგან და ის შესაძლოა, გულისხმობდა დასავლეთის სანქციებს, რომლებიც ამცირებს რუსეთის შესაძლებლობებს. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ გზავნილს?
ვფიქრობ, თავდაცვის მდივნის ეს სიტყვები იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის დეგრადაციაზე მინიშნება. ეს იმის აღიარებაა, რომ რუსეთი მუდმივი პრობლემაა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მისი კონტროლი შესაძლებელია; როგორც მე, სხვებსაც სჯერათ, რომ მისი დაშლა შესაძლებელია. ვიდრე რუსეთი იმპერიულ მიზნებზე უარს არ იტყვის, ის იქნება საფრთხე სხვებისთვის, მათ შორის დასავლეთისთვისაც. გეთანხმებით, თავდაცვის მდივნისგან გასაკვირია მსგავსი რამის თქმა ასე ღიად, თუმცა თითქმის ყველამ იცის, რომ აშშ მხარს უჭერს დასუსტებულ რუსეთს, ვიდრე - დანაწევრებულს.
ET: ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ამბობს, რომ სანქციები არ მოიხსნება, ვიდრე რუსეთი არ მოაწერს ხელს უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას, ზოგი ამბობს, რომ რუსეთის სანქციები შეიძლება, მოიხსნას თუ რუსეთის ძალები უკრაინის მთელ ტერიტორიას დატოვებენ. თქვენი აზრით, რუსეთის ქმედებების და მისი პოლიტიკის გათვალისწინებით, სანქციების მოხსნის საკითხი, ამ ეტაპზე, საერთოდ თუ უნდა დადგეს დღის წესრიგში?
სანქციები არ უნდა მოიხსნას, ვიდრე რუსული ძალები არ დატოვებენ უკრაინის მთელ ტერიტორიას, მათ შორის ყირიმს და ვიდრე მოსკოვი არ აღიარებს, რომ დანაშაულებრივი ომი წამოიწყო და წააგო. მე არ ველოდები, რომ ეს მოხდება, ვიდრე პუტინი არ დატოვებს თანამდებობას, ან... ამაზე ნაკლები სხვა ნაბიჯი დიდად არ დაგვეხმარება.
ET: _ამ ომში გმირი უკრაინელი ხალხის დამსახურებით და დასავლეთის უპრეცედენტო მხარდაჭერით უკრაინამ სამხედრო უპირატესობა მოიპოვა. თავის მხრივ, უკრაინა შეერთებულ შტატებს განიხილავს, როგორც ლიდერს უსაფრთხოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, როგორ გესახებათ ამ ომის დასასრული და უკრაინის შემდგომი როლი მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე?
უკრაინელმა ხალხმა დაამტკიცა, რომ რუსეთი და თუ ვინმეს ეჭვი შეჰქონდა მათ გამარჯვებაში, ცდებოდნენ. არავის ეგონა, რომ მიაღწევდნენ იმას, რასაც მიაღწიეს. დიდი იმედი მაქვს, რომ გაიმარჯვებენ, რადგან ეს იქნება ყველას გამარჯვება - საქართველოსთვის, დასავლეთისთვის და ასევე, ჩემი ქვეყნისთვის.
ET: რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში პრორუსული პოლიტიკური პარტიები ძალიან გააქტიურდნენ. რამდენად საშიშია ეს საქართველოსთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის 20% უკვე ოკუპირებულია რუსეთის მიერ? რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ შეუძლია აშშ-ს, დაეხმაროს საქართველოს რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში?
ეს უკიდურესად სახიფათოა, რადგან მოსკოვი ირგვლივ ეძებს ადგილებს, სადაც თავდასხმას და მისი გავლენების განმტკიცებას შეძლებს. ქვეყნებში, სადაც ეგულება დასაყრდენი ჯგუფები, დასავლეთის დაუყოვნებლივი რეაგირების არარსებობის პირობებში რთული გახდება გამკლავება. ამიტომ, ასეთი პრორუსული ჯგუფები უნდა გამოაშკარავდეს და საქართველომ გააცნობიეროს მომდინარე რისკები, საჭიროა, თხოვნით მიმართოს ყველა პარტნიორს და მათ შორის შეერთებულ შტატებს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში დასახმარებლად. მე მხარს ვუჭერ NATO-ში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანებას. ეს რამდენიმე წლის წინ უნდა მომხდარიყო და გაწევრიანების პროცესი აღარ უნდა გადაიდოს.