საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისში გადმოჰყავთ. ამასთან, ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს თბილისში, კლინიკა „ვივამედში“, სადაც მესამე პრეზიდენტის გადაყვანა იგეგმება.
ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, საპატიმროს ტერიტორია, პენიტენციური სამსახურის რამდენიმე მანქანამ დატოვა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ოფიციალური უწყებები კომენტარს, ამ ეტაპზე არ აკეთებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ.
9 მაისს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება.
შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა.
მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.
ასევე წაიკითხეთ:
- კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, იქნებოდა ძალიან პოზიტიური ნაბიჯი
- იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს