ფინეთი NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მას თბილად მიესალმებიან NATO-ში, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ეს არის ფინეთის სუვერენული გადაწყვეტილება, რომელსაც NATO სრულად პატივს სცემს. თუ ფინეთი გადაწყვეტს განაცხადის გაკეთებას, მას თბილად მიესალმებიან NATO-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ფინეთი NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთის გაწევრიანება NATO-ში აჩვენებს, რომ "NATO-ს კარი ღიაა და რომ ფინეთი თავად წყვეტს თავის მომავალს".
12 მაისს, ცნობილი გახდა, რომ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. მათი აზრით, ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს ალიანსში გაწევრიანების განაცხადი და ამისთვის ყველა აუცილებელი ნაბიჯი უახლოეს დღეებში გადაიდგმება.
ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. კვლევის შედეგები, გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა.
ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა.
დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.