ქუთაისში არქეოლოგიური კვლევები და აღმოჩენები ძველი კოლხური კულტურის მიმართულებით ბევრ რამეს შეცვლის არამხოლოდ ქუთაისის, არამედ მსოფლიო ისტორიაში, - აცხადებენ ქართულ-პოლონური მუდმივმოქმედი არქეოლოგიური კვლევითი ჯგუფის მეცნიერები, რომლებმაც დღეს საქართველოს პრეზიდენტს ქუთაისში აღმოჩენილი ექსპონატები წარუდგინეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, უკვე რამდენიმე წელია, არქეოლოგიურ მისიაში - ქართველი და პოლონელი სპეციალისტები სამეცნიერო საქმიანობას ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ახორციელებენ.
„არგონავტების დროინდელი კოლხური მასალა: ჭურჭელი, ცნობილი კოლხური ცულების ჩამოსასხმელად გამოყენებული მასალა, ანტიკური სამყაროდან იმპორტირებული ნივთები, ე.წ. ეკოლოგიური არტეფაქტები, ბერძნული ნივთები, რომლებიც ბერძნულ ცივილიზაციასა და სამხრეთ კავკასიას შორის სავაჭრო სისტემის არსებობაზე მიუთითებს - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ექსპონატებისა, რომლებიც ქუთაისის ცენტრალურ პარკში და მიმდებარედ გათხრებისას აღმოაჩინეს, თხრილის უძველესი ნიმუშები ძვ.წ. 14-13-12 საუკუნეებით თარიღდება, შესაბამისად არგონავტების დროინდელია.
პრეზიდენტის პატრონაჟით მომუშავე არქეოლოგიური მისია ქუთაისში სტეფან კრუკოვსკის სახელობის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევით ცენტრის სამეცნიერო ბაზაზე ფუნქციონირებს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და რომელსაც რეაბილიტაცია პოლონური მხარის ფინანსური მხარდაჭერით ჩაუტარდა.
პრეზიდენტს ცენტრში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა რონალდ ისაკაძემ უმასპინძლა და პრეზიდენტს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს, ზვიად შალამბერიძესა და ქუთაისის მერს, იოსებ ხახალეიშვილს მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.