ზელენსკი NATO-ში გაწევრიანებაზე ფინეთის მზადყოფნას მიესალმა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან განიხილა. ზელენსკი ასევე მიესალმა ფინეთის მზადყოფნას, გაწევრიანდეს NATO-ში. 

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. მათი აზრით, ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს ალიანსში გაწევრიანების განაცხადი და ამისთვის ყველა აუცილებელი ნაბიჯი უახლოეს დღეებში გადაიდგმება.


ცნობისათვის, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებდა. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რაიმე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა.

ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.  კვლევის შედეგები, გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.