Reuters: ესპანეთში 15 რუსი ოლიგარქის იახტები, სახლები და სხვა აქტივები აღმოაჩინეს

 
ესპანეთის ხელისუფლებამ, სანქცირებული 15 რუსი ოლიგარქის კუთვნილი აქტივები, სახელები და იახტები გამოავლინა. Reuters-ს ესპანეთის ნოტარიუსთა გენერალური საბჭოს ფულის გათეთრების აღკვეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, მარიანო გარსია ფრესნომ უთხრა, რომ აქტივები უკრაინაში რუსეთის შეჭრის, 24 თებერვლის შემდეგაა აღმოჩენილი, როცა ოლიგარქები ცდილობდნენ აქტივების დამალვის მიზნით, ზოგიერთ კომპანიაში საკუთარი წილების გადაცემას ნათესავებისა და პარტნიორებისთვის. 
 
ფრესნოს ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების სიაში მყოფი 15 ოლიგარქის გარდა, აღმოჩენილია მათთან, ან მათი ოჯახის წევრებთან კავშირის მქონე 105 პირი. მისი თქმით, მათ შორისაა როგორც ძალიან, ასევე, ნაკლებად ცნობილი პირები. 
„ესპანეთში 2004 წლიდან დარეგისტრირებული ტრანზაქციებიდან 1000-ზე მეტი პირის შემოწმებით დაადგინეს, რომ სანქცირებულ ოლიგარქებს წილი ჰქონდათ სულ მცირე 10 ესპანურ და 13 უცხოურ კომპანიაში“, - განუცხადა  Reuters-ს მარიანო გარსია ფრესნომ
 
მისი თქმით, შესაბამისი ინფორმაცია გადაეცა ესპანეთის ფინანსთა სამინისტროს და ფინანსური დაზვერვის სამსახურს. აპრილის ბოლოს, ესპანეთის მთავრობაში დაადასტურეს, რომ გაყინულია სანქცირებულთა სიაში მყოფ 5 პირთან დაკავშირებული 12 საბანკო ანგარიში და დაყადაღებულია 3 იახტა და უძრავი ქონების 23 ობიექტი. ფრესნოს თანახმად, რუს ოლიგარქებთან კავშირის მქონე კომპანიები ესპანეთში ფლობენ უძრავი ქონების 35-მდე ობიექტს და საბანკო ანგარიშებსა და წილებს ესპანეთის და ევროპის სხვა ქვეყნების კომპანიებში